ქალის სახელები


კაკალა (ქართული).

კატო - ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.

კეკელა - შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს " მშვენიერს ", " ლამაზს ", " ტურფას "  (შეადარეთ კეკლუცი). წინათ იგი გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელადაც (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ახლა ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება, რადგან კეკელამ უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა ( " პრანჭია ").

კესანე - ქართული სახელია, შერქმეული მინდვრის ყვავილის სახელწოდების მიხედვით.

კესარია (ბერძნული) " დედოფალი ". შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ვრცელდება ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის " ოთარაანთ ქვრივის "  ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება აგრეთვე მეორე შემოკლებული ფორმაც – კესა.

კლავდია (ლათინური) ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: კლავდიუს - " კოჭლი ". კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას – ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.

კლარა (ლათინური) " ნათელი ". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.

კმარა (ქართული) არქმევენ, როცა მეტი ქალიშვილი აღარ სურთ. ასეთივეა აღმოსავლური სახელები: ბასაკ ( " კმარა "), ბასგულ ( " კმარა ყვავილი ", ე.ი. " კმარა ქალიშვილი, გოგონა აღარ გვინდა "). შეადარეთ აფრეთვე ნამეტი, მეგრული მეტვარი ( " მეტი არა! ").

კრავაი (ქართული) თამარ მეფის დროს გამოჩენილი დარბაისელი ქალი იყო კრავაი ჯაყელი. ეს სახელი კრავის ფორმით გვხვდება. უფრო ადრეც - " გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში " : " და ვითარცა განთენა, [მირიან აზნაურმან] შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაი არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტესი ".