საარქივო დოკუმენტები

                                                                                       ქართული სამართლებრივი დოკუმენტები

 
როგორც ცნობილია, ქართული გენეალოგიური კვლევებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს წარმოადგენს ქართული სამართლის დოკუმენტები, რომელთა გარკვეული ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროფ. ისიდორე დოლიძის ცნობილი VII ტომეული ნაშრომი “ქართული სამართლის ძეგლები”.
 
წინამდებარე დოკუმენტები დაცულია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივის 1448 ფონდში და მათი ელექტრონული სახით გამოქვეყნება -  წყაროთმცოდნეობით მიზნებთან ერთად - განპირობებულია იმით, რომ მათში მოცემული გვარები შეტანილია ჩვენი საიტის ‘საძიებო სისტემაში’. 
 

                                                                                 ქართლის კათალიკოს აბალაკის დაფიცების წიგნი (1492-1497 წ.წ.)

 
ქართლის კათალიკოსმა აბალაკმა და აზნაურიშვილებმა, მცხეთის საყდრისშვილებთან ერთად, დაიფიცეს, დავით აღმაშენებლის მიერ მცხეთის სვეტიცხოველისთვის შეწირული სოფელ ჯიმითისა და მთავარი სალოცავების საზღვრების დადგენის გამო.
დამფიცებლებმა ჩაიარეს ჩუმლაყის თავთან კუნალამდე, მიადგნენ წვრივ ხევს, გაწყვეტილას, წნორს და ჭიაბრის ეკლესიას, რომელიც დავით აღმაშენებელს საზღვრად ჰქონია აშენებული.
დაფიცებას ემოწმებიან: კირილე ალავერდელი, დიდი საგინა ციციშვილი, ზაალ მაყაშვილი, ინდო ჩოლაყაშვილი, ბოჭორმის დეკანოზი ბეშქენ გიგაშვილი და სხვანი.
ტექსტის ბოლოს სხვა ხელით მიწერილია: „პირაქეთ თუთუბოს ღელე, ნასოფლარი ნაკვერცხალა, ჩაღმა ღრმა ხევი და ქვაცაცა, რომ არის იქამდე“.
 
 საბუთი №2041

                                                                           განაჩენი გიორგი სალარიძის სადავო ყმობის საქმეზე (1677წ. 1 მარტი)

 
სასამართლოში მდივანბეგმა ვახტანგმა, გიორგი და სულხან მდივნებმა, გიორგი სალარიძის სადავო ყმობის საქმე გაარჩიეს.
იოსებ და ზაალ ამირეჯიბებმა გიორგი სალარიძე თათარ ევაზა ზუნუზნელს მიჰყიდეს. გიორგი თათარს გამოექცა და თავის ძმას შეაფარა თავი, სადაც შვიდი წელი იმალებოდა.
თათარმა სასამართლოში იჩივლა, წარადგინა ყმის ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი და გიორგი უკან დაიბრუნა.
გიორგის ძმამ, ნასყიდამ, თავი მიჰყიდა სახლთუხუცეს პაპუას იმ პირობით, რომ იგი მის ძმას დაიხსნიდა თათრის ყმობისაგან.
პაპუა სახლთუხუცესმა თათარს საფასური გადაუხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი სალარიძე პაპუა სახლთუხუცესს მიაკუთვნეს.
 
 
მდივანბეგი – მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე; 
სახლთუხუცესი – სასახლის გამგებელი;
მდივანი (სპარს.) – მწერალმწიგნობარი, მოსამართლე;
მწიგნობარი – საბუთების დამწერი, მწერალი.
 
საბუთი №5067.

                                                                     განაჩენი გამოტანილი თარხან გიორგისა და სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძის სადავო მამულების შესახებ (1779 )

 
ორივე მხარე სასამართლოში დაიბარეს და ალაპარაკეს - „მათი დავები და ლაპარაკი ბევრი რამ იყო, მაგრამ რომელიც სათქმელი და სასამართლო იყო ვალაპარაკეთ და სამართალიც ვქენით. და რომელიც სათქმელი არ იყო, არ გაუგონეთ და არც გავასამართლეთ“.
სადავო იყო ნასოფლარი ვარდისუბანი, სოფელ ორბეთში მდებარე საწისქვილო, საძოვრები და სხვა.
მოწმეების ჩვენებითა და დაფიცებით ზემოთხსენებული მამულები მაღალაძეებს დარჩათ.
განაჩენი გამოიტანეს მეფე ნაზარალიხანმა (ერეკლე I), კათალიკოს იოვანემ, მთავარეპისკოპოსმა ქრისტეფორემ და სხვა დარბაისლებმა.
 
1779 წლის 5 იანვარს განაჩენი დაამტკიცა ერეკლე II-მ ბეჭდით.
 
საბუთი №3268.
 
თარხანი (სპარს.) – თავისუფალი.

                                                                განაჩენი სოფლების - ბოლისა და ახალგორის მამულების სადავო ნასყიდობის შესახებ (1717-1719 წ.წ.)

 
სასამართლოში გაირჩა საქმე, რომელიც ეხებოდა ზემოხსენებულ სოფლებში მდებარე მიწების ყიდვა-გაყიდვას. ეს სოფლები ეკუთვნოდა ამილახვრებს და ქსნის ერისთავებს, რომლებსაც საზღვრების გამო გაუთავებელი ჩხუბი და დავა ჰქონდათ.
მოსამართლეებმა განიხილეს საჩივარი და დაადგინეს: „საქართველოს რიგით და წესით ასრე გავარიგეთ: თავისის ბატონის უდასტუროთ ვერაკაცი მამულს ვერც იყიდის და ვერც გაჰყიდის და არც აყრილისა და წასულის კაცისაგან მამული გაისყიდების“.
ამ სამართლის თანახმად, რაც ბოლელებს ახალგორელების მამული ჰქონდათ ნაყიდი, ის მიწა ისევ ახალგორელებს დარჩათ. ხოლო თუ ვინმე უკანონოდ ისევ იყიდდა მიწას სოფლის საზღვრის გარეთ, მას საფასური დაეკისრებოდა და მიწა პატრონს დარჩებოდა. - „თუ იტყვიან ამიშენებიაო, ამისთვის ვერას ითხოვენ, იმიტომ რომ თავად უდასტუროდ რატომ იყიდეს“.
განაჩენს მეფე ბაქარი ამტკიცებს ბეჭდით.
 
საბუთი №607.
 
ფარდი – ტოლი, თანასწორი ნაწილი.
                                                           

                                                              განაჩენი გიორგი ბაბადიშის და მამუკა საგინაშვილის სადაო მამულების შესახებ (1753წ. 9 დეკემბერი)

 
გიორგი ბაბადიში მამუკა საგინაშვილს ედავებოდა ახაშანში მდებარე მამულს, ახალდაბაში „ზურაბის ნაოხარ მიწას“ და მთის მესამედს.
მოდავეებმა ერეკლე II-ს მოახსენეს საქმის ვითარება. გიორგი ბაბადიშმა წარადგინა საბუთი, რომლის ძალით „გაღმა იულთას“ ორი წილი საგინაშვილს, ხოლო ერთი წილი მას ეკუთვნოდა. 
მეფის ბრძანებით, მოდავეები ჯიმშერ ერისთავმა შეარიგა შემდეგი პირობით: ახაშანის მამულზე და ზურაბის ნაოხარზე გიორგიმ ხელი აიღო, ხოლო „იულთას ნახევარი“ ისევ ბაბადიშს დარჩა.
 
საბუთი №988.
ნაოხარი – დაცარიელებული, დაქცეული ადგილი.
 
* ბაბადიშები ბაგრატიონების განაყოფები იყვნენ.
                                                        

                                                         განაჩენი გამოტანილი ფირან და გიორგი მაღალაშვილებს შორის მეტეხის მოურაობაზე წამოჭრილი დავის გამო (1724 წ. 1 მარტი)

 
ძმებმა ფირან და გიორგიმ სასამართლოში წარადგინეს გაყრის ბარათი განაჩენით, რომლის ძალით, მათი მამის სიკვდილის შემდეგ, მოურაობის სახელო და სათანადო სარჩო თანაბრად უნდა ყოფილიყო განაწილებული.
მდივანბეგებმა განიხილეს საჩივარი და დაადგინეს, რომ მეტეხის მოურაობის სამუქაფოდ, ფირანს მიეცემოდა სოფელ სხერტის ყმა-მამული, ხოლო გიორგის დარჩებოდა მეტეხის მოურაობა, მემკვიდრეობის უფლებით.
განაჩენს ამტკიცებს კათალიკოს-პატრიარქი დომენტი საკუთარი ხელრთვით.
განაჩენის დამწერი – კარის მდივანმწიგნობარი ქადაგმგალობელი სოლომონ მაღალაძე.
 
საბუთი №864.
 
სახელო – მოხელის ჩინი, წოდება, თანამდებობა;
სარჩო – საზრდო;
სამუქაფო – სანაცვლო;
მდივანმწიგნობარი კარის – უპირველესი მდივანი, მოხელე, რომელიც წერდა საჩივრებს, მონაწილეობას იღებდა სამეფოს საფინანსო საქმიანობაში. „მეფის მდივანმწიგნობარს ყოველთვის მზად ჰქონდა ქაღალდი, საწერკალამი, მელანი“.
                                                               

                                                            ივანე გორგაძის არზა მისი ყმობის თაობაზე, მდივანბეგთა განაჩენით (1768წ. 2 დეკემბერი)

 
ივანე გორგაძე, მამასთან ერთად, გაექცა ჯავახიშვილებს და მეტეხში იმალებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ივანე იქვე დარჩა, მაგრამ ჯავახიშვილებმა მოძებნეს და დაბრუნება უბრძანეს. ივანე კვლავ გაიქცა და ტყვედ ჩავარდა. იგი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა და ჩალაუბანში დასახლდა.
ვახუშტი ჯავახიშვილმა ისევ მიაგნო ყოფილ ყმას და სასამართლოში უჩივლა.
ივანე გორგაძე კი ითხოვდა, როგორც ტყვეობიდან დაბრუნებული, ჯავახიშვილის ყმობიდან გაეთავისუფლებინათ.
მდივანბეგთა განაჩენის მიხედვით, ივანეს ტყვეობიდან დაბრუნების დროს საქართველოში კანონი „ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის“ ჯერ არ იყო მიღებული, რის გამოც გორგაძე კვლავ ვახუშტი ჯავახიშვილის ყმად დარჩა.
საბუთს ამტკიცებს სამი მდივანბეგი ბეჭდით.
 
საბუთი №444.

                                                          ნინია ბერძნისშვილის არზა სადავო მამულის შესახებ, მდივანბეგთა განაჩენით, რომელსაც ამტკიცებს ერეკლე II (1769წ. 18 სექტემბერი)

 
ნინიას მამა ზავრად ბერძნისშვილი ყიზილბაშობის დროს დაიკარგა. მისი მამული ბარძიმ ერისთავმა მირზაშვილებს მიჰყიდა.
ნინიამ სასამართლოში იჩივლა, რათა მამისეული მიწა დაებრუნებინა.
მირზაშვილებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს – ნინია ბერძნისშვილი არ არისო. მაგრამ სხვა მოწმეების ჩვენებით დამტკიცდა, რომ ნინია ნამდვილად ზავრად ბერძნისშვილის შვილი იყო.
მსაჯულებმა შემდეგი სამართალი „განაწესეს“ - ვინაიდან მირზაშვილებს მამულის ნასყიდობის სიგელი ჰქონდათ, მიწა აღარ წაართვეს, ხოლო ნინიას ამ მამულის ფარდი სხვა მიწა მიაკუთვნეს.
 
საბუთი №5594.
 

                                                         მდივანბეგთა განაჩენი ქიზიყის მოურავის შვილების სადავო ყმა-მამულის შესახებ (1771 წ. 13 დეკემბერი)

 
ქიზიყის მოურავის შვილებმა, გაყრის დროს, ყმა-მამული გაინაწილეს საუფროსო, საჭირნახულო და საუმცროსოს მიკუთვნების წესის მიხედვით. მაგრამ მათ ჰყავდათ ყმები – თათრის ელისკაცები, რომლებიც გაყრის დროს გაფანტულები იყვნენ, ხოლო როცა შეკრიბეს ყმები, მოურავის შვილები გაყოფაში ვეღარ მორიგდნენ და ერეკლე II-თან იჩივლეს. 
ერეკლე II-მ დავის გარჩევა გიორგი ბატონიშვილსა (უფროსი ვაჟი ერეკლესი) და მდივანბეგებს დაავალა.
სამართლის წიგნის და საქართველოს განწესების ძალით გადაწყვიტეს: საუფროსო წილი ე.ი. საუკეთესო ელისკაცები თავისი საქონლით ერგო უფროს შვილს – ზაქარიას, დანარჩენი ელისკაცები კი უმცროს ძმებს თანაბრად გაუნაწილეს.
განაჩენის სისრულეში მოყვანა მდივანბეგებმა იასაულ ლუარსაბ მაყაშვილს უბრძანეს.
1771წ. 14 დეკემბერს განაჩენი ერეკლე II-მ დაამტკიცა ბეჭდით.
 
საბუთი №278.
 
ელისკაცი (არაბ.) – მომთაბარე ხალხი; საქონლის (ცხვრის) მწყემსი;
იასაული – მოხელე, მოურავის ხელქვეითი (პოლიციელი);
საუფროსო – გაყრისას უფროსი ძმისთვის მიკუთვნებული ქონების მეტი და საუკეთესო ნაწილი;
საუმცროსო – გაყრისას „უმცროსობის შესახვედრი წილი სამართლით“;
საჭირნახულო – გაყრის დროს მამულის შესამატებლად მიკუთვნებული წილი.