ვაჟის სახელები


ტაგუ (ქართული) გავრცელებულია ძირითადად სამეგრელოში. ეტიმოლოგია უცნობია.

ტაია (ქართული) მიღებული ჩანს ტარია-საგან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ-ის მოფერებით ფორმას წარმოადგენს.

ტარასი (ბერძნული) " მოუსვენარი ". აქედანაა გვარები ტარასაშვილი და ტარსაიძე.

ტარიელ – შოთა რუსთაველის " ვეფხისტყაოსნის "  მთავარი გმირის სახელი, ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული. როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელ-ისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა - " მეუფე ", " მეფე ", " მფლობელი "  და იელ – " გმირი ", " მოყმე ". ამრიგად, ტარიელი ნიშნავს " მეფე გმირს ", " მოყმე მეფეს ". აქედანაა გვარი ტარიელაშვილი.

ტატე – ითვლება ესტატე-ს შემოკლებულ ფორმად. დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. აქედანაა გვარი ტატიშვილი.

ტერენტი (ლათინური) " მხეხავი ", " გამფშვნეტელი ", " გამლესი ", სხვაგვარი ახსნით: " მომქანცველი "  (ეტიმოლოგიები საეჭვოა).

ტიმოთე (ბერძნული) " პატივი ღვთისა ", " ღვთისმოსავი ". ხალხში გავრცელებული ფორმაა კიმოთე (აქედან გვაქვს სოფლის სახელიც კიმოთესუბანი).

ტიტე (ლათინური) " ღირსება ", " პატივი "  (შეადარეთ ტიტული - " საპატიო წოდება "). მოფერებითი ფორმებია: ტიტია, ტიტიკო.

ტრიფონ (ბერძნული) " ნებიერი ", " განებივრებული ".

ტროფიმე (ბერძნული) " გაზრდილი ", " გამონაკვები ". შეადარეთ ატროფია – რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ზრდის შეწყვეტა საკვების უკმარობის (ან უმოქმედობის) გამო: ჰიპერტროფია – რომელიმე ორგანოს არანორმალური ზრდა-განვითარება.

ტუხა (ქართული) მოეპოვება ნაირფეროვანი სუფიქსიანი ვარიანტები: ტუხე, ტუხია, ტუხო, ტუხო. არსებობს გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი. ‘ტუხ’ ფუძეს შეიცავს კომპოზიტი შავ-ტუხ-ა, მაგრამ ამ ფუძის კონკრეტული მნიშვნელობა გაურკვეველია.