‘ტბეთის სულთა მატიანე’-ს დედანი (XII-XVII სს.) 1874 წელს აღმოაჩინა გიორგი ყაზბეგმა ტბეთის ეკლესიაში. მოგვიანებით, მასში მოცემული დოკუმენტები შეისწავლა და 1977 წელს გამოაქვეყნა ქართველმა მეცნიერმა თინა ენუქიძემ, რომელშიც შესულია მრავალი ძველი ქართული გვარ-სახელი, რამაც განაპირობა მისი წინამდებარე ელეექტრონულ-ალფაბეტური ვერსიის შექმნა. ტბეთის ეკლესია, სადაც ეს დოკუმენტები იწერებოდა, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეში – შავშეთში. მისი ზემოდასახელებული მატიანე მდიდარია ქართული ისტორიულ-გენეალოგიური მასალით, კერძოდ მის ტექსტში შესულია 348 გვარი და 21 ტოპონიმი. ეს სახელები ძირითადად მიეკუთვნება შავშეთს, ნაწილობრივ კლარჯეთსა და აჭარას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ამ ტექსტში შესული ზოგიერთი გვარ-სახელის დაბოლოება, რომელთა უმეტესობის დაბოლოვებაა: ‘ძე’, ‘ეთ’ და ‘შვილი’. მაგრამ, ვხვდებით გვარების შემდეგ დაბოლოებებსაც: ‘ურ’, ‘ელ’, ‘ულ’, ,ფხა’, ‘ია’, ,ნა’, ‘ში’, ‘აკი’, ‘ისა’ და სხვ. ამ დოკუმენტებში შესული გვართა უმრავლესობა განეკუთვნებოდა საზოგადოების დაბალ ფენებს – ძირითადად კი კონკრეტული საგნების მწარმოებლებს, რომლებიდანაც წარმოიშვებოდა მათი გვარები. მაგალითად, მეფუტკრიდან – მეფუტკრიძე, მჭედლიდან – მჭედლიძე და ა. შ. რიგ შემთხვევებში სამოქალაქო და საეკლესიო ფენების წარმომადგენლები უშუალოდ არიან მოხსენიებული როგორც მჭედელი, თერძი, ოქრომჭედელი, დიაკონი, მღვდელი და სხვ.